სპორტული დირექტორის, დენ ეშუორტის პირველი მიმართვა გულშემატკივრებს: “კლუბში მოსვლის დღიდან ერთ-ერთი პირველი შესაძლებლობა მაქვს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებს მივმართო და ავწერო, თუ რაოდენ მოხარული ვარ ამ აქ ყოფნით.
მიუხედავად იმისა, რომ ნორფოლკში დავიბადე, მანჩესტერთან ყოველთვის ძლიერი კავშირი მქონდა, რადგან ჩემი მშობლები მიდლტონში დაიბადნენ, ხოლო ბებია-ბაბუამ მთელი ცხოვრება იქ გაატარეს.
პატარაობისას მამას დიდ მანჩესტერში საფეხბურთო მატჩებზე დავყავდი და მახსოვს, როგორი მგზნებარე ემოციები მქონდა, როცა 1970-ანი წლების დასაწყისში “ოლდ ტრაფორდზე” მოვხვდი, სადაც ლუ მაკარის ჯიმი ნიკოლსა და არტურ ალბისტონს ვადევნებდი თვალს.
ვერ დავიკვეხნი იმით, რომ “იუნაიტედის” პარტიზანი გულშემატკივარი ვარ – მამაჩემს ყველა ადგილობრივი გუნდის ყურება სიამოვნებდა – მაგრამ ის განსაკუთრებული ხმა, რაც “ოლდ ტრაფორდის” მიმდებარედ მატჩების დროს იგრძნობოდა, კარგად მახსოვს და იგივე არაერთხელ გამომიცდია ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში.
შესაბამისად, ეს გასაოცრად საამაყო მომენტი იქნება, როცა 16 აგვისტოს “ფულემთან” მატჩის დროს მასპინძლის რანგში დირექტორთა ლოჟაში დავჯდები. სეზონის დახურვა ყოველთვის გადატვირთის შესაძლებლობაა კლუბისთვის და განახლების შეგრძნება ძალზედ ძლიერია “მანჩესტერ იუნაიტედში”, სადაც ლიდერთა სტრუქტურის ჩამოყალიბებას ჩაეყარა საფუძველი ამ ზაფხულს.
ომარ ბერადა აღმასრულებელი დირექტორია, ჯეისონ უილკოქსი კი ტექნიკური დირექტორი და გარწმუნებთ, სამუშაო პროცესში დროს უქმად არ ვხარჯავთ. ჩვენი პირველი დიდი გადაწყვეტილება ერიკ ტენ ჰააგის კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივება იყო, რითაც მის, როგორც ევროპის ტოპ-მწვრთნელის მიმართ რწმენასა და გუნდის მოსალოდნელ დონეზე დაბრუნებაში სანდო პარტნიორის არსებობას გავუსვით ხაზი.
გვესმის, რომ გასული სეზონი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ინგლისის თასის ასეთ სტილში მოგებით ფეხბურთელებმა და შტაბმა ნათლად აჩვენა, თუ რა შეუძლიათ, როცა ყველა ერთიანდება და პოტენციალს სრულად ავლენს.
ჩვენი საერთო გამოწვევაა ამ დონის სტაბილურად შენარჩუნება. ჩემი და ჯეისონის საქმეა ერიკის, შტაბისა და ფეხბურთელების ირგვლივ სწორი მხარდამჭერი სტრუქტურისა და გარემოს შექმნა, რაც ამას შესაძლებლად აქცევს. ჯგუფისგან უკვე მოდის ძლიერი ენერგია და მონდომება, რადგან არდადეგებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები განახლებული ძალებით მოდიან, რასაც ემატება კარგი შენაძენები ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სახით.
ფიზიკური ცვლილებებია კარინგტონის ბაზაზეც, სადაც 50 მლნ. ფუნტის ღირებულების სამუშაოები მთელი სეზონი გაგრძელება, რაც თავის მხრივ დასტურია იმისა, თუ რაოდენ ძლიერ გვსურს კლუბის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
ამასთან შეგუებას ცოტა დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენი ქალთა, ვაჟთა და აკადემიის გუნდები უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილ ბაზაზე იქნებიან, როცა პროექტი დასრულდება.
ქალთა წარმატებული გუნდისა და პროდუქტიული აკადემიის ჩამოყალიბება ჩემი სამუშაოს ორი მთავარი მიზანია და ორივეში დიდი გამოცდილება მაქვს. ქალთა ფეხბურთი ჩემი მოვალეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო “ნიუკასლში”, “ბრაიტონსა” და საფეხბურთო ასოციაციაში და ასევე იქნება “იუნაიტედშიც”. ქალთა ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა და ჩვენც გვსურს ამის მონაწილე ვიყოთ.
ახალგაზრდათა განვითარება ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი იყო და კლუბის წარმატებაში გადამწყვეტ ფაქტორად მიმაჩნია, განსაკუთრებით კი “მანჩესტერ იუნაიტედში”, სადაც ადგილობრივ ფეხბურთელებს მდიდარი ისტორია აქვთ.
2023/24 წლების სეზონში 18-წლამდელთა გუნდის წარმატება მომავალ თაობაზე კარგად მეტყველებს და იგივე ეხება ქალთა გუნდსაც. საერთო ჯამში, ჩემი პირველი შთაბეჭდილება “მანჩესტერ იუნაიტედში” ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე გადის, რის ხარჯზეც კლუბში ყველა ნაწილის განახლებას შევძლებთ.
ეს კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, მაგრამ ეს წარმატების საზომად არ გამოდგება. მიზანი მოედანზე საუკეთესოთა შორის დგომაა. ეს ერთ ღამეში არ მიიღწევა, მაგრამ დღეს მე და ომარი თავის ლიდერთა ახალი გუნდით, არ გავჩერდებით, სანამ მიზანს არ მივაღწევთ”