ფერგიუსონი: დიახ, ჩვენ იაპ სტამი გვჭირდებოდა. უდავოა, მე მაშინ შეცდომა დავუშვი

🍁 ,,დიახ, ჩვენ იაპ სტამი გვჭირდებოდა. უდავოა, მე მაშინ შეცდომა დავუშვი".

სერ ალექს ფერგიუსონმა ეს სიტყვები ,,მანჩესტერ იუნაიტედში" იაპ სტამის ხანმოკლე და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად, ,,ოლდ ტრაფორდის" უეცარი დატოვებიდან რამდენიმე წელში წარმოთქვა. ბევრის აზრით, ჰოლანდიელის გასხვისების გადაწყვეტილება თავად შოტლანდიელმა ერთპიროვნულად მას შემდეგ მიიღო, რაც სტამის ავტობიუოგრაფიულ წიგნში კლუბის შიდა სამზარეულოს საიდუმლოებები არის აღწერილი, სახელდობრ, პსვ–დან ,,იუნაიტედში" მისი გადასვლის დეტალები. ფეხბურთელის სიტყვებით, სერ ალექსი მას კლუბის გვერდის ავლით მოელაპარაკა. ასეთი ვარაუდების მიუხედავად სერ ალექსი ამტკიცებს, რომ გადამწყვეტი როლი ძალიან დიდმა ფულმა ითამაშა, რომელიც ფეხბურთელის ტრავმის შემდეგ იქნა შეთავაზებული. სერ ალექსი ამბობს: ,,სტამი მწყობრიდან რამდენიმე თვით გამოვიდა, ხოლო როცა დაბრუნდა მე და სტივ მაკლარენმა ვიფიქრეთ, რომ თამაშის ტემპი სამუდამოდ დაკარგა. თან ,,ფულჰემთან" თამაშისას არასახარბიელოდ გამოიყურებოდა, ამ დროს ,,ლაციომ" 16,5 მილიონი ფუნტი შემოგვთავაზა. აქილევსის ტრავმის შედმეგ 29 წლის ცენტრალურ მცველში ასეთი წინადადების უარყოფა არ შემეძლო. სტამი ,,ლაციოში" გადავიდა და ფანტასტიკურად თამაშობდა, ასე რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო. მგონი, უმჯობესი იქნებოდა ცოტა მომეთმინა, სანამ ის ფორმში შევიდოდა".

ფერგიუსონის მსგავსად სტამიც ამტკიცებს, რომ მისი ავტობიოგრაფიული წიგნი არაფერ შუაშია. ჰოლანდიელის სიტყვებით 2001/02 წწ. სეზონის წინ ,,იუნაიტედს" ფული ესაჭიროებოდა, ხოლო ის ახალი ხუთწლიანი გაფორმებული კონტრაქტით ღირებულ აქტივს წარმოადგენდა. იტალიელების მიერ შეთავაზებული მაღალი ხელფასი კი სტამისთვის მსუყე ლუკმას წარმოადგენდა, მითუმეტეს მაშინ, რომ 30 წლის ასაკში მას ტკბილ ,,სიბერეზე" უნდა ეზრუნდა.

ასეა თუ ისე, რომელი ისტორიაც არ უნდა იყოს მართალი, ფაქტი ფაქტად რჩება: საკმაოდ წარმატებული სამწლიანი კარიერა მანჩესტერის ბენზინგასამართი სადგურის უკანა ეზოში ხანმოკლე საუბრის შედმეგ შეწყდა. ასე სევდიანად დასრულდა მანჩესტერული თავგადასავალი, რომელიც მცველმა ყველაზე ძვირადღირებული ჰოლანდიელისა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირფასი მცველის სტატუსით დაიწყო. სამწვრთნელო შტაბმა ვერ გათვალა, რომ გამოცდილი ფეხბურთელი შესანიშნავი წინამძღოლი იქნებოდა გაცილებით ახალგაზრდა ბრაუნისთვის, ოშისა და ფერდინანდისთვის – არადა, ვის ვის და, სწორედ ფერგიუსონს უნდა სცოდნოდა, რომ გამოცდილება და ახალგაზრდობა იდეალური თანხვედრაა ნებისმიერი გუნდისთვის დაცვით ხაზში. ,,წითელი ეშმაკების" ქომაგების უმრავლესობა ძალიან უკმაყოფილო დარჩა ჰოლანდიელის წასვლით და მრავალი წლის შედმეგ, 2017 წელს, როცა იაპ სტამი ,,ოლდ ტრაფორდს" ,,რედინგის" მწვრთნელის რანგში ეწვია, ადგილობრივმა ქომაგმა მას საპატივცემულოდ ''Yip Jaap Stam is a big Dutch man"–ი წაუმღერა.

🎉 დღეს, 17 ივლისს იაპ სტამი 50 წლის გახდა


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis