რუდ ვან ნისტელროი - "ადამიანი გოლი" - Ruud van Nistelrooy

რუდ ვან ნისტელროი - "ადამიანი გოლი"


რუდგერუს იოჰანეს მარტინიუს ვან ნისტელროი დაიბადა 1976 წლის 1 ივლისს ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ ოსში. თავის ხანგრძლივ კარიერაში ნისტელროიმ ვერ მოახერხა რაიმეს მოგება საერთაშორისო დონეზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მოთამაშეთაგან, რომლებსაც საერთაშორისო ტიტულების გარეშეც კი სამუდამოდ დაუმკვიდრებიათ ადგილი სახელოვან ფეხბურთელთა შორის.


ახალგაზრდა რუდმა გზა საფეხბურთო მწვერვალისკენ დაიწყო თავისი მშობლიური ქალაქ ოსის ,,ნოიტ ჰედახტის“ გუნდში, რომელშიც ის ექვსი წლის ასაკიდან თამაშობდა. ,,ძალიან მინდოდა მათთან მეთამაშა და ყოველთვის გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი მატჩებში მონაწილეობისთვის", - თქვა ფეხბურთელმა წლების შემდეგ. თუმცა, ფორვარდის პოზიციაზე თამაში მაშინ გამორიცხული იყო. არ გააჩნდა გამორჩეული ტექნიკა და შესაბამისი გაბარიტები, ამიტომ ბიჭს ცენტრალურ მცველად ამზადებდნენ.


14 წლის ასაკში კლუბ ,,მარგრიტში“ გადასვლის შემდეგ, ნისტელროი ნახევარდაცვაში თამაშობდა. სწორედ მაშინ შენიშნეს ის პირველად "PSV Eindhoven"-ის სკაუტებმა, მაგრამ მასში მომავალი ვარსკვლავი ვერ დაინახეს და საქმე კონტრაქტის დადებამდე არ მისულა. თუმცა ბიჭი არ დანებდა და მომზადება უფრო მაშტაბურად დაიწყო. ვარჯიშზე დაუღალავად შრომობდა, ვარჯიშობდა თერთმეტმეტრიანების სწორ შესრულებაში, აუმჯობესებდა პასებს. სწორედ იქ დაიწყო მან ამ მრავალფეროვნების დახვეწა, რაც მოგვიანებით მისი ხელწერის მახასიათებელი გახდა. ,,მარგრიტში“ გატარებული ორი წელი რუუდისთვის ,,დენ ბოსში“ გადასვლით დასრულდა, სადაც მომავალი ვარსკვლავი თვეში 550 დოლარს იღებდა. სწორედ აქ გადაიქცა ნისტელროი საბოლოოდ ფორვარდად. ჰანს ვან დერ პლაიმმა, მაშინდელმა ,,თეთრ-ლურჯების" მწვრთნელმა, რუდი ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადაიყვანა. ამან შედეგი გამოიღო და 1996/97 წლების სეზონში ნისტელროიმ 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა, რამაც ჰოლანდიური  კლუბების ყურადღებამიიპყრო.
მაგრამ ყველას „ჰერენვენმა“ დაასწრო, რომელმაც ფეხბურთელი 360 ათას დოლარად იყიდა.


ერთ ინტერვიუში ვან ნისეტორლოიმ განაცხადა:   „როდესაც ჰერენვენში ვთამაშობდი, ფრენკ რაიკარდი და რუდ გულიტი ჩვენს ვარჯიშზე მოვიდნენ. ძალიან მინდოდა მათზე შთაბეჭდილების მოხდენა! ვცადე ბურთი მეკარისთვის თავზე გადამეგდო და ძელს მოვარტყი. კმაყოფილი ვიყავი, რადგან ვიფიქრე გვერდიდან მშვენივრად გამოჩნდებოდა. მაგრამ მათ მითხრეს: „თუ ტიტულები გინდა, ბურთი ბადეში უნდა მოხვდეს. არ აქვს მნიშვნელობა რა ტრაექტორიით." ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მივხვდი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო კარგი თავდამსხმელი. მე შევწყვიტე ფიქრი სილამაზეზე და ეფექტებზე." 


1997/98 წლების სეზონის ბოლოს, ალექს ფერგიუსონის ვაჟმა, დარენმა დაურეკა შოტლანლიელს და ურჩია, ნიჭიერ თავდამსხმელ ვან ნისტელროის დაკვირვებოდა. ,,მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებელმა დაუჯერა, მაგრამ "პსვ"-ს ხელმძღვანელობამ "დასწრებაზე ითამაშა" და ნიდერლანდელისთვის ,,ჰერენვენს“ რეკორდულ თანხა - 4,2 მილიონი ფუნტი გადაუხადა. მაშინ "პსვ"-ს ლეგენდამ რენე ვან დერ კერკჰოფმა ამ ნაბიჯს უაზრო ფულის ფლანგვა და კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი სატრანსფერო შეცდომა უწოდა. თუმცა, მას მალევე მოუწია თავისი სიტყვების უკან წაღება.
რუდ ვან ნისტელროიმ, რომელიც "ეინდჰოვენში" 22 წლის ასაკში გადავიდა, ძალიან სწრაფად დაიწყო მასზე გაცემული იმედების გამართლება. კლუბში უკვე პირველ სეზონში მან 31 გოლი გაიტანა, გახდა ჩემპიონატის ბომბარდირი და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. სწორედ "პსვ"-ში მოიპოვა რუდმა თავისი ცნობილი მეტსახელი ,,ვან გოლი". გარდა ამისა, ვან ნისტელროიმ მიიპყრო ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის ყურადღება და ქვეყნის ძირითად გუნდში მიწვევა მისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ნისტელროიმ განაგრძო პროგრესი და ყველამ ნათლად დაინახა, რომ ის ჰოლანდიაში დიდხანს აღარ გაჩერდებოდა და მის გადაბირებას ბევრი ევროპული გრანდი მოინდომებდა.


2000 წლის 25 აპრილს რუდი "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩავიდა, რომ ხელი მოეწერა "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტზე. სატრანსფერო თანხა უკვე შეთანხმებული იყო კლუბებს შორის - 19 მილიონი ფუნტი, რაც იმ დროისთვის ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდი იყო. თუმცა ბოლო მომენტში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკან დაიხია: გაირკვა, რომ ვან ნისტელროი 9 მარტს დანიურ ,,სილკებორგთან“ ამხანაგურ თამაშში სერიოზულად დაშავდა! შედეგად, პრესკონფერენციაზე, რომელზეც ახალი რუდი უნდა წარედგინათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გაუქმდა. ფორვარდმა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევაზე უარი თქვა, გასამართი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის იმედით. მაგრამ ამან მხოლოდ გაამწვავა ტრავმა. შემდეგი ვარჯიში ვან ნისტელროისთვის საკაცით და გარდაუვალი ოპერაციით დასრულდა, რომელიც შეერთებულ შტატებში გაკეთდა, სადაც თავდამსხმელი ტელევიზორში უყურებდა თანამემამულეების თამაშს, რომლებიც საბოლოოდ ნახევარფინალამდე მივიდნენ, თუმცა ფერგიუსონმა არ დაივიწყა ვან ნისტელროი და ერთი წლის შემდეგ, 2001 წლის 23 აპრილს, ტრანსფერი მაინც შედგა 19 მილიონ ფუნტად. ,,ტრანსფერის ფასმა ჩემზე ზეწოლა საერთოდ არ მოახდინა. პირიქით, ეს იყო შთამაგონებელი, რადგან ამ გზით ,მანჩესტერ იუნაიტედმა აჩვენა, თუ რამდენად მენდობიან . მათ ჩემი სჯეროდათ." - განაცხადა ნიდერლანდელმა.


თავისი თამაშით ვან ნისტელროიმ ,,მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრები დააჯერა, რომ საჭიროების შემთხვევაში მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეეძლო. რუდი "წითლების" პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ზედიზედ რვა მატჩში გაიტანა; ორ წელიწადში მოხსნა დენის ლოუს საკლუბო რეკორდი ევროტურნირებზე შედეგიანობით. გულშემატკივრების მისდამი სიყვარულმა ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ვან ნისტელროი კინაღამ ხელში აყვანილი გაიყვანეს მოედნიდან. თუმცა, მას შემდეგ, ,,მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებისთვის რუდი აღარ იყო უბრალოდ ვან ნისტელროი, მათ პატივისცემით ეძახდნენ "Van the Man". როგორც ჰოლანდიაში, ინგლისშიც იგი წლის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა აღიარებული . ასეთ შედეგს მოჰყვა კომენტარი ფერგიუსონის მხრიდან, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა: "მომავალში ,ოლდ ტრაფორდის მახლობლად აუცილებლად უნდა დაიდგას რუდ ვან ნისტელროის ძეგლი". გულშემატკივრებმა გამოთქმაც კი მოიგონეს: "შრომამ შექმნა ადამიანი, მაგრამ რუდმა შექმნა გოლი“.


,,მანჩესტერ იუნაიტედში“ იდილია 2005/06 წლების სეზონში დასრულდა. ეს იყო ფერგიუსონის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი.  გუნდმა ჩემპიონატი მოურინიოს ,,ჩელსისთან“ დათმო, ევროპაში კი კატასტროფული შედეგი დააფიქსირა. ,,ბენფიკასთან“ გადამწყვეტი მატჩის წაგებით (1:2) ,,მანჩესტერ იუნაიტედი“ 1994/95 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში! ცუდმა თამაშმა და შედეგებმა არ შეუწყო ხელი გუნდში კარგ მიკროკლიმატს. სწორედ მაშინ დაიძაბა ვან ნისტელროისა და სერ ალექს შორის ურთიერთობა. ,,მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ლიგის თასის მოგებით მოახერხა კატასტროფული სეზონის ოდნავ შელამაზება, სადაც ფინალში კლუბმა ,,უიგანი“ 4:0 გაანადგურა. ამ ბრძოლამ საბოლოოდ გააფუჭა ურთიერთობა ფერგიუსონსა და ვან ნისტელროის შორის. 
ხელმძღვანელობასთან პირადი საუბრის დროს რუდმა არაერთხელ გამოთქვა კლუბის შეცვლის სურვილი. მადრიდის ,,რეალის“ შემოთავაზება დროული აღმოჩნდა. ,,როდესაც შემოთავაზება მოდის ისეთი კლუბისგან, როგორიც რეალია, ორჯერ არ ფიქრობ." - თქვა მაშინ ჰოლანდიელმა და 10,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ იგი სამეფო კლუბს შეუერთდა.


ახალ კლუბში გადასვლა კარგ ხასიათზე არ გამოუვიდა ,,ვან გოლს“. ზაფხულში გერმანიაში ჩატარებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა მასაც და მთელ მის სამშობლოსაც იმედები გაუცრუა. ისინი კვლავ პორტუგალიასთან, ამჯერად მერვედფინალში დამარცხდნენ. რუსი მსაჯის ივანოვის წითელ-ყვითელი ბარათების სარეკორდო ფრიალით განთქმულ მატჩში.


ესპანეთში ნისტელროიმ თავიდანვე დაიწყო იმის კეთება, რაც ყოველთვის ყველაზე კარგად იცოდა - გოლის გატანა. უკვე შემოდგომაზე რუდმა პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა ,,რეალის" მაისურით, რასაც მალევე მოჰყვა პირველი ,,პოკერიც".  წარმატებული სეზონის შედეგად, ვან ნისტელროიმ მოიგო ლა ლიგა მადრიდის ,,რეალთან“ ერთად და მიიღო პიჩიჩის ტიტულიც, როგორც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა. 
მომდევნო სეზონში რუდი კვლავ გახდა ჩემპიონი, ზაფხულში კი ევროზეც ითამაშა, სადაც ვან ბასტენის გუნდმა ფანტასტიკურად დაიწყო და ჯგუფში იტალია და საფრანგეთის ნაკრებები უმოწყალოდ, შესაბამისად 3:0 და 4:1 გაანადგურა, რომელთაც ზედ რუმინეთის მიაყოლა, შედარებით მოკრძალებული 2:0-ით. თუმცა ყველასგან მოულოდნელად მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებთან ვან ბასტენის გაწვრთნილი გუნდი გამოვარდა.

 შემდეგ რუდიმ მუხლის ტრამვა მიიღი, რის გამოც ჰოლანდიელმა თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა. 2009 წლის ზაფხულში, რონალდუსა და ბენზემას ,,რეალში“ მოსვლით,  ცხადი გახდა, რომ ვან ნისტელროის იქ აღარაფერი ესაქმებოდა. მადრიდის ,,რეალისთვის" თავდამსხმელი იმდენად არასაჭირო აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელი გერმანულ ,,ჰამბურგში“ უსასყიდლოდ გაუშვეს, ისე რომ მასთან დადებული კონტრაქტი დაარღვიეს.


გერმანიაში რუდმა ტრავმებიც მოიშუშა და ჯანმრთელობაზე ფიქრის გარეშე ითამაშა. ის მოქმედებდა ძალიან მრავალფეროვნად და მარტო გოლებს არ იტანდა, არამედ დაცვას ეხმარებოდა და პარტნიორებისთვის საგოლე სიტუაციებსაც ქმნიდა.
როდესაც იგუაინი დაშავდა და ექვსი თვით ლაზარეთში გადაინაცვლა, მადრიდის ,,რეალმა“ გაიხსენა თავისი გმირი. მადრიდელებმა ,,ჰამბურგს“ მიმართეს ვან ნისტელროის ექვსთვიანი იჯარით აყვანაზე, მაგრამ გერმანელებისგან ცივი უარი მიიღეს.

  ჰოლანდიელისთვის ყველაფერი კარგად შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა გერმანული კლუბის სამარცხვინო მუშაობა სატრანსფერო ბაზარზე, რამაც ჯერ კლუბის შედეგების გაუარესება გამოიწვია, შემდეგ კი მწვრთნელების უწყვეტი ცვლა. აქედან გამომდინარე რუდმა ადგილ-მდებარეობის შეცვლა მოისურვა. ,,მალაგაში“ არაბული პროექტი ძალებს იკრებდა და ჰოლანდიელმა ბომბარდირმა კარიერის ბოლოს გადაწყვიტა ამ პროცესში ძალები მოესინჯა.


„რა თქმა უნდა, ,მალაგას არ აქვს ის საკლუბო ტრადიცია, როგორიც ,მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ ერთ დღესაც ხომ შეიძლება ამის შენება დაიწყო. გუნდს ჰყავდა სერიოზული ინვესტორები, რომლებსაც შეეძლოთ კარგი ფეხბურთელების ჩამოსვლის დაფინანსება, ამიტომ ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო ამ პროექტის ნაწილი გავმხდარიყავი“, - ისაუბრა რუდმა თავისი გადასვლის შესახებ ესპანურ კლუბში.


ბუნდესლიგაში ღირსეული გამოსვლების შემდეგ, 35 წლის ნისტელროისგან ბომბარდირული შესაძლებლობების გამოვლენას ელოდნენ,  თუმცა ის ისეთი პროდუქტიული აღარ იყო, როგორსაც ადრეულ წლებში გულშემატკივარი ხედავდა. 

 ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა საუკეთესო ბომბარდირების რეიტინგი 2001-2010 წლების მიხედვით. სიის სათავე რუდ ვან ნისტელროიმ დაიკავა. ჰოლანდიელი მხოლოდ ერთი ბურთით უსწრებდა ფრანგ - ტიერი ანრის.


ნისტელროის კარიერაში ბოლო სეზონი არ გამოდგა ბრწყინვალე.   მან ყველას დიდი ხნის წინ დაუმტკიცა ყველაფერი, შრომისმოყვარეობისა და თავდადების წყალობით მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რუდის სახელი არ არის ჩემპიონთა ლიგის, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა სიაში, მისი თამაში ძალიან დიდხანს დაამახსოვრდება ფეხბურთის გულშემატკივარს.

კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis